ძალადობა ოჯახში



ძალადობა ოჯახში და მისი გადაჭრის გზები

ავტორი: ელა კუსიანი
შესავალი
ოჯახში ძალადობის თემა განსაკუთრებით მტკივნეულია და რთული. მის მიღმა ხომ იმალება ვიღაცის წყენა, გაღიზიანება, უბედურება.
დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმებოდა როგორცკერძო”, “შინაურისაქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ამგვარი ძალადობა სოციალურ პრობლემად ეღიარებინა. სიმწვავის მიუხედავად, პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული. ძალადობის მსხვერპლთ არ უნდათ განცდილის შესახებ განაცხადონ, რცხვენიათ საკუთარი თავის, არ სურთ ოჯახისღალატი”, ეშინიათ მოძალადის მხრიდან შურისძიებისა და აგრესიის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. ხშირად ნათესავები და სამართალდამცველებიც კი მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ. საზოგადოება თვლიდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემები ოჯახში უნდა გაირჩეს, რომ ესოჯახის საქმეადა სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს, რაც განაპირობებს იმას, რომ მსხვერპლი ძალადობის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია, უსასრულოდ ითმინოს.
მოვიყვანთ ერთ ტიპიურ და ნათელ მაგალითს: 10 წლის განმავლობაში ქალბატონი ითმენდა ქმრისგან წყენას, დამცირებას. არასოდეს არ ითხოვდა შველას. ყყველაფერი ეჩვენებოდა უწყინარ ხუმრობად. ცდილობდა საკუთარ თავში ეპოვა მიზეზი და შეცვლილიყო. ამართლებდა ქმრის ეგოისტურ დამოკიდებულებას მისდამი. გადიოდა დრო და ხდებოდა უარესი. ქალბატონის ცხოვრებაზე სრული კონტროლი ქმარმა აიღო. ქალმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა პოლიციას, რაც ქმარმა სასტიკად სცემა. მიუხედავად ამისა, ქალი მომხდარის შემდეგაც მზად იყო ეპატიებინა ქმრისთვის. ადანაშაულებდა საკუთარ თავს და ცდილობდა მიმხვდარიყო რას ვერ აკეთებდა სწორად.
ზემოხსენებული ქალბატონი ყოველივე ამას ითმენდა არა იმიტომ, რომ ის არასაკმარისად ჭკვიანი ან ადეკვატური იყო. არამც და არამც. როცა ადამიანი ცხოვრობს მუდმივ სტრესში, მატრავმირებელ პირობებში, მას უხდება შეჩვევა.
ამა თუ იმ ფორმით ოჯახში ძალადობის გავლენის ქვეშ ყველა ბავშვი ექცევა. ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას მიაკუთვნებენ, მაგალითად, ოჯახში ხშირ კონფლიქტებს. ფსიქოლოგიური ძალადობა აფერხებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. ბავშვი ხდება გულჩვილი, სოციალურად დაუცველი, იოლად ვარდება კონფლიქტურ სიტუაციაში, ვერ პოულობს საერთო ენას თანატოლებთან, პასუხისმგებლობას იღებს ოჯახში მომხდარ ძალადობაზე, ხასიათდება დაბალი თვითშეფასებით.
ბავშვზე მავნე გავლენას ახდენს მშობლების არასწორი მიდგომა. მშობლები ისე არ უნდა მიუდგნენ შვილის, რომ მოკლან მისი სული. “მომწამვლელი პედაგოგიკისშედეგია, როცა ბავშვს უყალიბდება წარმოდგენები, რომ მშობელი ყოველთვის მართალია. ის არ შეიძლება ცდებოდეს ან იყოს დამნაშავე.
დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, რომ ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახის წევრებს არ ეხებათ და ძალადობა აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. შესაბამისად, ბევრმა სახელმწიფომ ამ პრობლემის სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად სპეციალური კანონმდებლობა შექმნა ან უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები: 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1979 წელს მიღებული ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, 1989 წელს მიღებული ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია განამტკიცებენ თითოეული ადამიანის საყოველთაო უფლებათა და თავისუფლებათა პრინციპებს, რომელიც მოიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ისე ეკონომიკურ უზრუნველყოფასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, რაც ქალებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას (ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონებ ის წენააღმდეგ, ინოსენტი დაიჯესტი #6, 2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა (თარგმანი), თბილისი, 2006).
წინამდებარე სტატიის მიზანია მკითხველისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით. განხილულია ოჯახში ძალადობის ფორმები, თუ რა ითვლება ოჯახში ძალადობად, რა იწვევს მას და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ამ პრობლემის დასაძლევად.
ძალადობის ფორმები
მეცნიერული კვლევების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. თუმცა საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად, უმრავლესობა ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზად უმუშევრობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. სინამდვილეში კი ოჯახში ძალადობა ერთნაირად არსებობს როგორც ჩამორჩენილ, ასევე ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში. ჩამოთვლილი ფაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის ხარისხზე მოქმედებენ და, გარკვეულწილად, პროვოცირების ელემენტებად შეიძლება განიხილებოდეს (პოლიცია და ძალადობა ოჯახში, ირმა ალადაშვილი, კობა ნოჭორიშვილი, მარინე მესხი. თბილისი, 2008.).
ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი კომპონენტი: 1.მსხვერპლი; 2. მოძალადე; 3. ქმედება (ძალადობა).
საქართველოს კანონმდებლობით მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულებამოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებსრაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე.
ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებებიანუ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება (ოჯახში ძალადობა, კავშირისაფარი”, 2007).
ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედებაეს არის პროცესი, რომელიც შედგება ძალადობის განმეორებადი ციკლებისაგან და დამყარებულია მოძალადის და მსხვერპლის ურთიერთობაზე; ოჯახში ძალადობა დროში გახანგრძლივებულია და აქვს ზრდის ტენდენცია; ძალადობის სუბიექტები, როგორც წესი, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ოჯახი მალავს ამ ფაქტს; მოძალადის პოზიციიდან მისი ქმედება ეფექტურია მსხვერპლთან ურთიერთობისგასარკვევად”, მისი აზრით სხვა არაძალადობრივი ქმედებები მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს:
ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგში: ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება; ოთახის დატოვების აკრძალვა; ნივთების სროლა; სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა; სახიფათო ადგილებში მიტოვება; უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულადაა; მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით; ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება;
ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა: ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება; მისი რწმენების საცინად აგდება; მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს; ტყუილებით მანიპულირება; ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება; ისეთი სახელების დაძახება, როგორიცაა ძუკნა, ფეთხუმი, წაკლა, მეძავი; მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი; იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან; განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს; ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება; მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი; მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით; ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული; ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე;
ეკონომიკური ძალადობა: უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის; როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში;
სექსუალური ძალადობა: როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს; აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას; ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან; თავს იკავებს და უარს ეუბნება სექსზე; აძალებს სექსს სხვებთან; აძალებს სექსს ჩხუბის ან ცემის შემდეგ; ეძახის ძუკნას სექსის შემდეგ; უარს ამბობს გადასახადების გადახდაზე სანამ სექსი არ ექნება მეუღლესთან; აძალებს სექსს და მერე ამბობს, რომ ეს ქალსაც უნდოდა; ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან; ექცევა როგორც საკუთრებას და აიძულებს სექსს იმიტომ, რომ არის ქმრის კუთვნილება; უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები (https://www.gadfcs.org/familyviolence/formsoffv.php);
ძალადობის გამომწვევი ფაქტორები
განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების კულტურული იდეოლოგია ქალების წინააღმდეგ ძალადობას ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს. წარსულში რელიგიური და ისტორიული ტრადიციები არ კრძალავდნენ ცოლების დასჯასა და ცემას. განსაკუთრებით, ნებადართული იყო ქალების ფიზიკური დასჯა, რაც მათზე საკუთრების შეგრძნების გამოხატულებად ითვლებოდა. ზოგიერთ საზოგადოებაში, ტრადიციულად, დასაშვებიაგზას აცდენილიგოგონების, დების, ცოლების მოკვლა, თუკი ისინი ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინდებიან ან გაშორდებიან.
საზოგადოებისაგან ქალების იზოლაცია წარმოშობს მათ წინააღმდეგ ძალადობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ქალებს ნაკლები კონტაქტი აქვთ საკუთარ ოჯახებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ქალების სოციალურ კავშირებში ჩართვა მნიშვნელოვნად ამცირებს მათ პოტენციურ მსხვერპლად ქცევის რისკს და მეტ საშუალებას აძლევს, თვითონვე დაძლიონ ოჯახური ძალადობის პრობლემა. ეს კავშირები შეიძლება იყოს არაფორმალურიც (ოჯახი და მეზობლები) ან ფორმალური (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ქალთა თვითდახმარების ჯგუფები ან პოლიტიკურ პარტიებთან არსებული ჯგუფები).
გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც წარმოშობს ოჯახში ძალადობას:
კულტურული: მოსაზრება, რომ მამაკაცი ყოველთვის უნდა ბატონობდეს ქალზე; ღირებულებები, რომლებიც მამაკაცს ქალსა და გოგონაზე მესაკუთრის უფლებებს სძენს; მოსაზრება, რომ ოჯახი არის მამაკაცის დაქვემდებარების ქვეშ არსებული კერძო სფერო; ქორწინების ჩვეულებები (პატარძალზე დაწესებული ფასი/მზითვი);
ეკონომიკური: ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე; ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; დისკრიმინაციული ხასიათის კანონები, რომლებიც არეგულირებს მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების, განქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქონების მიღების საკითხებს; სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში დასაქმების ნაკლები პერსპექტივა; განათლების მიღების ნაკლები პერსპექტივები.
ზოგ ქვეყანაში ქალების მზარდი ეკონომიკური აქტივობაც კი ოჯახური ძალადობის მიზეზი ხდება. მეუღლეთა დამოუკიდებლობას მამაკაცები საფრთხედ აღიქვამენ, განსაკუთრებით, თუკი მამაკაცი პარტნიორი უმუშევარია და მას ოჯახში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
სამართლებრივი: დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით აღიარებული ქალთა ნაკლები სამართლებრივი სტატუსი; განქორწინების, ბავშვებზე მეურვეობის, მათზე მზრუნველობისა და მემკვიდრეობის საკითხების მარეგულირებელი დისკრიმინაციული კანონმდებლობა; ქალებში სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე; პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან ქალებისა და გოგონების მისამართით განხორციელებული უტაქტო მოპყრობა.
პოლიტიკური: ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, მედიაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამედიცინო სფეროში (ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონების წენააღმდეგ, ინოსენტი დაიჯესტი #6, 2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა (თარგმანი),  თბილისი, 2006);
ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მხოლოდ სპეციალური კანონით (“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”) არ რეგულირდება; ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებიც, კერძოდ:
სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი;
სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992- მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ზიანი. ასევე, არამატერიალური ზიანის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 413- მუხლის თანახმად:
1.     არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
2.     სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად.
სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონიც, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, დამცავ და შემაკავებელ ორდერებს იყენებს.
დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ასევე განისაზღვრება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები.
მსხვერპლთა დაცვის დროებით ღონისძიებებში იგულისხმება: მოძალადისაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის დაცვის ზომები; მოძალადისაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხები; მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა; მოძალადისთვის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხები; მოძალადის მიახლოება მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება; სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
თავშესაფარი გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელს ან დროებითი განთავსების ადგილს, რომელიც მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებასა და დაცვის ღონისძიებებს ემსახურება. დღეს საქართველოში სახელმწიფო თავშესაფარი არ გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებული თავშესაფრები მსხვერპლთა დახმარებასა და რეაბილიტაციას დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოფენ.
დასკვნა
მაინც რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღიკვეთოს ოჯახში ძალადობა? უპირველესყოვლისა, უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას სხვა კუთხით შეხედონ ამ პრობლემასარა ზიზღით, დაცინვით, არამედ პრობლემის გადაჭრის, კეთილგონიერი თვალით.
ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. აღნიშნული სოციალური პრობლემა აღწევს საამუშაო ადგილასაც და ნეგატიურად მოქმედებს მსხვერპლსა და თანამშრომლებზე, რასაც თან სდევს პროდუქტიულობის დაცემა, გაცდენების ზრდა.
ყველას აქვს უფლება იმუშაოს ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. სამსახურში ნებისმიერი ხელმძღვანელობის უშუალო ინტერესში შედის ძალადობის პოტენციის გამორიცხვა სამუშაო ადგილას. ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს მსხვერპლადქცეული მომსახურე პერსონალის დახმარების მიზნით ინდივიდუალური უსაფრთხოების გეგმის იმპლემენტაციას სამსახურში.
საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედებს არადისკრიმინაციული პოლიტიკა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით. დადგენილი წესების თანახმად, საკადრო პოლიტიკა არ უნდა დაეფუძნოს ვარაუდს ან ინფორმაციას, რომ პირმა განიცადა ან მოექცა ოჯახში ძალადობის ზეგავლენის ქვეშ.
ასევე გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს მოსამსახურეთათვის სწორი მიმართულების მიცემას და უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფას. ფსიქოლოგიური თვითდაცვის მექანიზმი ერთ-ერთია სხვათა შორის, რომელიც ეხმარება პიროვნებას შეიქმნას ემოციურად ნეიტრალური მდგომარეობა. ფსიქოლოგიური თვითდაცვა არის ადამიანის ფსიქიკის რეგულაციის სისტემა, რომელიც მიმართულია კონფლიქტური სიტუაციების მოხსნაზე ან შემცირებაზე. იგი იცავს პიროვნებას ნეგატიური ემოციებისაგან (http://toolkitnb.ca/emain.asp?459).
ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და არ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება. თუმცა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დახმარების დროული და ეფექტური აღმოჩენის სისტემის შექმნა ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს:
§  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით;
§  ოჯახში ძალადობის პრევენცია;
§  იმ ოჯახების იდენტიფიცირება, სადაც ეს პრობლემა არსებობს;
§  ადრეული ინტერვენცია;
§  მსხვერპლთა დაცვა;
§  მსხვერპლთა ხელშეწყობა, ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий